აპოლოგეტიკა - გზა - მართლად სავალი - oldorthodox

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია
ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა)

გზა - მართლად სავალი

ანტინიკონიანური ნაშრომი

მინდა ჩემს სულიერ შვილებს, საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს და მორწმუნე საზოგადოებას ვაცნობო, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაისტამბა ჩემი სამტომეული შრომა - "გზა - მართლად სავალი". ნაშრომზე მუშაობა დავიწყე 2014 წელს და დავამთავრე 2017 წელს. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება, რომელთაც თითო ტომი ეძღვნება.

1.  პირველი ნაწილი ეხება ნათლისღებას და განიხილება საკითხი თუ როგორ უნდა შესრულდეს ნათლისღების საიდუმლო - "შთაფვლით თუ დასხმით", ამ ტომს ასეც ეწოდება.

2. მეორე ნაწილი, რომლის სახელია "გრანდიოზული დივერსია" ეძღვნება 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმების მიზეზებს, იეზუიტთა შეთქმულებას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და მის შედეგებს მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც. ეს ნაწილი ასევე ეძღვნება ძველმართლმადიდებლობის დოგმატურ-კანონიკურ და ისტორიულ-ლიგურტიკულ გამართლებას.

3. ხოლო მესამე ნაწილი, რომელსაც ვუწოდეთ "შეუმუსრავი ეკლესია", ეთმობა ეკლესიოლოგიურ თემატიკას. აქ ლაპარაკია ეკლესიის დაქვრივების და კიდევ იმის შესახებ, თუ საიდან ჰქონდათ ძველმართლმადიდებელთ იერარქიუილ უწყვეტობა. ნაშრომის ამ მესამე ტომში ასევე დიდი ადგილი ეთმობა საკითხს, რომ  ეკლესიის უძლეველობის საფუძველი - ჩვენი უფალი იესუ ქრისტეა.

გარდა ამისა, სამივე ნაწილი შეიცავს უამრავ სხვადასხვა თემას, რომლებიც განხილულია მართლმადიდებელი წმიდა მამების, საეკლესიო კრებებისა და ისტორიული მასალების საფუძველზე.

ნაშრომის დაწერა განაპირობა ოფიციალური საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორის ე. ჭელიძის და ასევე, ყოფილი ძველმართლმადიდებლის, ზ. ნოდიას გამოლაშქრებამ ქართველ ძველმართლმადიდებელთა წინააღმდეგ. პირველს ვპასუხობთ ნაშრომის პირველ და მეორე ტომებში, ხოლო მეორეს - მეორე და მესამე ტომებში.


ნაშრომის ანოტაციაში ნათქვამია: "მკითხველო, წიგნი რომელიც ხელთ გიპყრია, მართლმადიდებლური სარწმუნოების საძირკვლის გამაგრების, შენთვის ჭეშმარიტი ქრისტეანული გზის ჩვენებას ისახავს მიზნად. აქ თავმოყრილია დიდძალი კვლევითი მასალა, რომელიც ეხება დოგმატიკის, ლიტურგიკის, ეკლესიის ისტორიის და ესქატოლოგიის სფეროებს. წიგნი მდიდარია ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალით და მოიცავს პერიოდს I საუკუნიდან ვიდრე XXI საუკუნემდე. ავტორი გვაძლევს ნათლისღების საიდუმლოს, სხვადასხვა ლიტურგიკული წეს-ჩვეულების, 17-ე საუკუნის საეკლესიო რეფორმისა და მისი შედეგების შემჭიდროებულ, მაგრამ ამავე დროს ღრმა ანალიზს.

წიგნში მხილებულია ძველმართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ცილისწამებებისა და ბრალდებების უსაფუძვლობა; ავტორის მიზანია, ჭეშმარიტების ერთგულ ყოველ ქრისტეანს მიუთითოს გზა მართლად სავალი. იმის გასარკვევად, რომ ეს გზა სწორედ ძველმართლმადიდებლურ ქრისტეანობასთან მიდის, არა მარტო აქ მოტანილი საეკლესიო წესებისა და სხვადასხვა მოვლენის განმარტება დაგეხმარება, არამედ კრებულში თავმოყრილი სადისკუსიო მასალებიც დიდად წაგადგება და ორ მოპაექრე მხარეს შორის მტყუან-მართლის გარჩევაც არ გაგიჭირდება. წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ნათლისღების საიდუმლოს, მისი შესრულების კანონიკურ და არაკანონიკურ ფორმებს; მეორე ნაწილი - 17-ე საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმას და მის შედეგებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის; მესამე ნაწილი კი მთლიანად ეძღვნება ეკლესიის უძლეველობას.

ჭეშმარიტი ქრისტეანული სიყვარულით უძღვნის ამ წიგნს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე (ხორავა) წმიდა სარწმუნოების გზაზე შემდგარ ყოველ მართლმადიდებელს.
წიგნი გამოდის ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთა შემოწირულობით.

 
TOP-RATING.UCOZ.COM
Назад к содержимому | Назад к главному меню Яндекс.Метрика